გორის საკრებულოს წევრები სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ
სამთავრობო ცვლილებებს გორის საკრებულოს წევრები აფასებენ.

ოპოზიცია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას სამარცხვინოს უწოდებს.

ფრაქცია „ძლიერი გორის“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ადამიანი, რომლის უშუალო ბრძანებითაც რუსთაველზე ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ქვეყნის მთავრობის მეთაური არ უნდა იყოს.

,,გახარიას დაწინაურება, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა. მან არა ერთი ახალგაზრდა დაასახიჩრა. სწორედ გიორგი ,,თვალთხარია’’ იყო ამ ყველაფრის შემოქმედი და დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გვევლინება. ეს არის მოღალატეობრივი მიდგომა. ღარიბაშვილის დაბრუნება კი ადასტურებს იმას, რომ ,,ქართული ოცნება’’ გაკოტრებულია. ივანიშვილი სრულ პანიკაშია. მას არ ჰყავს სანდო კადრები და სწორედ ღარიბაშვილის დაბრუნებით ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს,’’-განაცხადა ბექა ქორჩილავამ.
საკრებულოს მმართველი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ გახარია მთავრობის საუკეთესო მეთაური იქნება რადგან, მან შს მინისტრის თანამდებობაზე ღირსეულად იმუშავა. ისინი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნებასაც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ის ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო.

საკრებულოს მმართველი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ გახარია მთავრობის საუკეთესო მეთაური იქნება რადგან, მან შს მინისტრის თანამდებობაზე ღირსეულად იმუშავა. ისინი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნებასაც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ის ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო.

,,დადებითად ვაფასებ ამ ცვლილებებს. ბახტაძე საკმაოდ კარგად მუშაობდა თუმცა, გახარიას დიდი გამოცდილება აქვს. საკმაოდ კარგად გაართვა თავი მინისტრობის დროს პრობლემების აღმოფხვრას და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტირის რანგშიც წარმატებული იქნება. ღარიბაშვილს რაც შეეხება, მისი დაბრუნება ბუნებრივია, ის აუცილებლად დაბრუნდებოდა იმ დროს და იმ ადგილას, სადაც გუნდი საჭიროდ ჩათვლიდა, რადგან, თავისი პოლიტიკური კარიერის ზენიტში წავიდა და ის ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო,’’-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილმა.

,,ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურები არიან წარმოდგენილნი. მივესალმები გიორგი გახარიას დანიშვნას პრემიერის თანამდებობაზე. რადგან, იმ პერიოდში როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო თავი გამოიჩინა მტკიცე ხასიათით, თავისი უნარებით. მას შეუძლია წავიდეს კომპრომისზე, მოიხადოს ბოდიში, ამავე დროს იყოს ძალიან მტკიცე. დადებითად ვაფასებ როგორც პოლიტიკოსს,“-ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლია ჩლაჩიძე.

რაც შეეხება საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს, თამარ კოდოშვილი ფიქრობს რომ სამთავრობო ცვლილებებში უჩვეულო არაფერია. კოდოშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებში ასე ხშირად სამთავრობო ცვლილებები არ ხდება.

,,ველოდებოდი სახელისუფლებო გუნდში ცვლილებებს. ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ, ზოგადად დალაგებულ, ევროპულ, ,,დავარცხნილ’’ ქვეყანაში ასეთი ცვლილებები ხშირად არ ხდება. ზოგადად, მოსახლეობამ არც უნდა იცოდეს ვინ პრემიერია და ვინ სად ინიშნება. რაც შეეხება ღარიბაშვილის დაბრუნებას, მე მართალია ოპოზიციაში ვარ მაგრამ ღარიბაშვილის პიროვნების მიმართ ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი. არ ვიცი ამ კონკრეტულ თანამდებობაზე რას გააკეთებს მაგრამ, ალბათ უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,’’-გვითხრა თამარ კოდოშვილმა.

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ხვალიდან დაიწყებს. მინისტრობის კანდიდატებს თავდაპირველად გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მოუსმენენ.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ დატოვა.

ბახტაძის წასვლიდან მეორე დღეს, პრემიერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ გახარიამ ეს თანამდებობა დაიმსახურა. შს მინისტრის თანამდებობაზე გახარიას სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური შეცვლის, ხოლო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას კი ირაკლი ღარიბაშვილი.








Print

სტატიის გამოყენების პირობები