ცხინვალი ე.წ. საზღვარს დღეს 20:00 საათიდან ჩაკეტავს
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს დღეს საღამოს ჩაკეტავს.

„სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება.

მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება.

გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია გააქტიურებული.

„ცხელი ხაზით” მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები,“ აცხადებენ სუს-ში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები