საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გორშიც გაიმართება
კონსტიტიციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს 10 ქალაქში მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამართავს.

გეგმის მიხედვით, პროცესი ერთი თქვე გაგრძელდება.

დღეს, პარლამენტში, კომისია პირველ ტექნიკურ-საორგანიზაციო შეხვედრას მართავს, რომელშიც მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთდროულად გაიმართოს.

პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, საყოველთაო-სახალხო განხილვის ორი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.

კომისიები იდენტური შემადგენლობით იმუშავებს. როგორც ცნობილია, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.


ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა.

მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა, 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები