ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის შესახებ გორის არქივში ახალი ცნობები აღმოჩნდა
მე-19 საუკუნით დათარიღებულ სახლ-მუზეუმს ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება. გორის არქივში მოიძებნება უნიკალური მასალები, რომელიც რეპრესიების შემდეგ, ნიკო ლომოურის ოჯახის წევრების მძიმე ყოფას ასახავს.

ასე მაგალითად, გორის არქივის თანამშრომლის, ქეთევან მაჭარაშვილის მიერ მოძებული დოკუმენტით ირკვევა, რომ 1947 წელს, სახლი სიძველის გამო დანგრევის პირას იყო. ამავე დოკუმენტებით ცნობილია, რომ ნიკო ლომოურს ეზო ჩამოართვეს

დოკუმენტში ვკითხულობთ:

„მწერალ ნიკო ლომოურის შვილებს თამარი-ნინო და იულონ ლომაურებებს აქვთ სახლი სოფელ არბოში და პატარა ეზო 0,05 ჰა, რომელიც მიწის ამზომი კომისიის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ, რაიაღმასკომის 1940 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდეთ სახლის წინ ეზო, როგორც გამონაკლისი ერთეული შემთხვევა“.

1947 წელი- „მწერალ ნ. ლომაურის სახლი სოფ. არბოში განიცდის ნგრევას სიძველის გამო, აღნიშნული სახლის შეკეთების მიზნით რაიაღმასკომი ადგენს: დაევალოს გორმშენის თავმჯდომარეს გ. დემუროვს გასცეს დასახერხი მორები, დაევალოს ხე-ტყის სახერხ ქარხნის დირექტორს ამხ. ტატიშვილს პირველ რიგში დაუხერხოს პროფ. იულონ ლომაურს 5 კ. მეტრი ხე, სოფლის მეურნეობის განყოფილებამ ამხ. თავზარაშვილმა გასცეს თავის ფონდიდან ნაღდ ანგარიშზე 12 კილოგრამი ლურსმანი. დაევალოს სოფ. არბოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დ. ლომაურს აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება პროფ. ი. ლომაურს ბინის შეკეთების საქმეში“

სოფელ არბოს რვაწლიან სკოლას 1967 წელს მიენიჭა ხალხოსანი მწერლის, დემოკრატი პედაგოგის, არბოელი მკვიდრის ნიკო ლომოურის სახელი.

1968 წლის 1 დეკემბერს საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნა მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფელ არბოში.




არბოში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლმუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 257 030 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული სს სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2019 წლის ნოემბერში დაასრულდა.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით,  მუზეუმის კედლებზე განვითარებული ბზარების, დაზიანებული ხის ელემენტებისა და ამორტიზირებული წყლის გადამყვანი მოწყობილობების გამო ატმოსფერული ნალექი აღწევდა ინტერიერში.

მუზეუმის შენობა, რომელიც ღირებულია თავისი არქიტექტურითა და ისტორიული მნიშვნელობით, წარმოადგენს ერთსართულიან შუშაბანდიან სახლს უნიკალური სარდაფით. მისი აშენების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ აგებულია მე-19 საუკუნის 40 – 50 -იან წლებში. მუზეუმის ერთი ოთახი დატვირთული იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალითა და მემორიალური ნივთებით, ხოლო მეორე ოთახი კი დაკავებული ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები