,,ოკუპანტებმა წნელისთან საგუშაგო ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსეს" - ანთაძე
,,ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე-ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული“, - ამის შესახებ ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„შეხვედრის შესაბამის მონაწილეებს გავაცანით და ავუხსენით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ასევე ის გარანტიები, რაც შეიძლება ჩვენ გავცეთ. გარანტიებში იგულისხმება, რომ აღნიშნული სტანდარტული საგუშაგო არის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც დაკომპლექტებულია სტანდარტული საპოლიციო პირადი შემადგენლობით და შეიარაღებით, განსხვავებით იმ სრულიად არაპროპორციული მოქმედებებისა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ლოპანის წყლის მოპირდაპირე ნაპირზე. ასევე, დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ უსაფრთხოების გაჯანსაღება არანაირად არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვითომდაც არსებული შიში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები