ოძისში საოკუპაციო ხაზი აშშ-ს და ევროპის დიპლომატებმა მოინახულეს
დღეს, 30-მდე დიპლომატი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისთან იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. აქ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლება მიაწოდეს.

დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, ევროპისა და აზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა დიპლომატები იმყოფებიან. 

აშშ-სა და დასავლეთ ევროპის გამოცდილი ლიდერები, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხვალ 9 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას გახსნიან.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია" არის ყოველწლიური უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ლიდერებს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო/ატლანტიკური გაერთიანებიდან, რათა განიხილონ ერთიანი ევროპის თავისუფალი და მშვიდობიანი ხედვა.

კონფერენცია 2015 წელს დაარსდა მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ (EPRC), მას შემდეგ, უკვე მეხუთე წელია რაც ყოველი წლის სექტემბრის თვეში, თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს.

წელს მსოფლიო ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელს აღნიშნავს. დღეს, დემოკრატიის კრიზისის, კორუფციის და ავტორიტარიზმის აღზევების ფონზე, მსოფლიო ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ მომდევნო 30 წლის მშვიდობის, ერთიანობის და დემოკრატიის დღის წესრიგი.

2019 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – “Now What?” გაიმართება 9 სექტემბერს, 12:30 საათზე და 10 სექტემბერს, 9:00 საათზე, სასტუმრო რუმს თბილისში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები