ქაცარავას თქმით რუს სამხედროებს ჩორჩანას ტყეში გზის დაკავება სურთ
,,ჩორჩანას ტყის ოკუპაციას აგრძელებენ" - ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ შესაძლოა ოკუპანტებმა ის გზა დაიკავონ, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგომდე მიდის.

„ოკუპაცია გრძელდება, ოკუპანტები მოიწევენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვფიქრობ მათ სურთ ჩორჩანას ტყეში მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მისასვლელი გზის ოკუპირებაც მოახდინონ. არის საშიშროება სოფელ ყობთან დოლომიტის საბადო მიიტაცონ, ეს საბადო რუსებს დასახელებული აქვთ პრიორიტეტებში, რომელსაც თავისად თვლიან.“- ამბობს დავით ქაცარავა.

მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ჩორჩანას მიმდებარედ სამი საგუშაგო მოაწყეს.

„საგუშაგოების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გუშინ უკვე მესამე საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს იმ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. მას შემდეგ, რაც მათ საომარი მოქმედებების შედეგად მოახდინეს ქვეყნის იმ ნაწილის ოკუპაცია, სადაც ახლა არიან, საოკუპაციო ზოლი აქამდე არ ყოფილა. ეს ქმედებები მიმდინარეობს ხელისუფლების გაუგონარი დუმილის ხარჯზე“- გვეუბნება ლაშა ბერულავა.

Qartli.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები