გორელი ბიჭი, რომელმაც ნაავარიები ძაღლი გადაარჩინა
გვიან საღამოს სოციალურ ქსელში მარიამ თოფჩიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნავდა, რომ ვერხვების დასახლებაში, ნაავარიები ძაღლი იმყოფებოდა. ვიდეოს მიხედვით, ძაღლი უკანა კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა და გადაადგილებას მხოლოდ წინა თათებით ცდილობდა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის კომენტარი დაიწერა. ერთ-ერთმა მათგანმა, დიმიტრი არჩუაძემ ზუსტი მისამართის დასახელება ითხოვა. არჩუაძემ ტაქსი დაიქირავა და დაშავებული ძაღლის გადასარჩენად გაემართა:

,,როცა გავეცანი ამ ვიდეოს, წავიკითხე კომენტარებიც. ყველა აღნიშნავდა, რომ ძაღლი ძალიან ეცოდებოდათ და წუხდნენ მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ალბათ, იმის გამო, რომ ძალიან გვიანი იყო, წაყვანას ვერავინ ახერხებდა. მოვითხოვე ზუსტი მისამართი და ტაქსით წავედი." - ამბობს დიმიტრი არჩუაძე.



პარალალურად, ვეტერინარული კლინიკა ,,მარკოს" ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი აცხადებდა, რომ თუ ძაღლის წაყვანას შეძლებდნენ, დაშავებულ ცხოველს უფასოდ უმკურნალებდნენ.

ტაქსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დიმიტრი არჩუაძეს სახლამდე მიაყვანინა. ძაღლმა საკვები მიიღო, ხოლო მარიამ თოფჩიშვილის პოსტით დაინტერესებულ მომხმარებლებს აცნობეს, რომ ძაღლი უკვე ბინაზე იყო:

,,ტაქსით წავიყვანე სახლში. თავშესაფარში გადაყვანა იმ წუთში ვერ მოხერხდა. მანქანაში დამკბინა კიდეც ძაღლმა, ალბათ, ტკივილები ჰქონდა. დილით ვესაუბრე თამარ აფციაურს, თავშესაფრის ხელმძღვანელს და მალევე ჯგუფი გამოგზავნა. ძაღლი ამჟამად, თავშესაფარშია, როგორც მითხრეს, უკანა კიდურები აქვს მოწყვეტილი და ტკივილები გაუყუჩეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წუხელ ამ ძაღლის მდგომარეობით შეწუხდა, განსაკუთრებული მადლობა კი, პოსტის ავტორს" - ამბობს დიმიტრი არჩუაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები