გორის მერიიდან შიდა ინფორმაციის ,,გამცემ" პირს თამარ შოშიაშვილი ეძებს
გორის მერიის იმ თანამშრომლის გამოვლენის მიზნით, რომელმაც გორის სათემო რადიო მოზაიკას შიდა დოკუმენტი, არაოფიციალურად ელფოსტით გადაუგზავნა, მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა დაუდასტურა. ადმინისტრაციული საქმის წარმოება მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო, რომელსაც თამარ შოშიაშვილი ხელმძღვანელობს.

თამარ შოშიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც პრეს-სამსახურში აცხადებენ, პროცედურები დაწყებულია და მერის ბრძანებას ელოდებიან.

კონკრეტულად, რა გარემოებები გამოიკვეთა, ამის შესახებ, მერიაში ჯერ კომენტრს არ აკეთებს. გორის მერის ძირითადად კითხვები ლექსო თარხნიშვილის მიმართ აქვს. ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილი ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსია.

ადმინისტრაციის უფროსი ლექსო თარხნიშვილი სატელეფონო ზარებზე არ გვპასუხობს. ,,შეხვედრაზე ვარ, მომწერეთ" - გვთხოვა ლექსო თარხნიშვილმა. ჩვენს კითხვაზე, თუ ვის გადაუგზავნა პირველად ანგარიშის სამუშაო ვერსია, თარხნიშვილმა პრეს-სამსახურისკენ გადაგვამისამართა. პრეს-სამსახურის განცხადებით, უმჯობესია შედეგებს დაველოდოთ, რადგან მოკვლევას ხელი არ შევუშალოთ.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უდიტისგან სამუშაო ვერსია მერიის ოფიციალურ ფოსტაზე მიიღეს, რომელსაც ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თარხნიშვილი მართავს. რაც შეეხება რადიო ,,მოზაიკას", მისი დირექტორი გვანცა დოლუაშვილი აცხადებს, რომ აუდიტის სამუშაო ვერსია გორის მერმა და მან ერთდროულად მიიღეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაო ვერსიის ,,გაჟონვამ" პრესაში მათი გაოცება გამოიწვია, რადგან დოკუმენტი ჯერ არ არის საბოლოო.

,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში ჯერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, უხერხულია ვისაუბროთ აუდიტის სახელით დასკვნის არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ ანგარიშის პირველადი ვერსიაა, რომელიც აუდიტის ობიექტებს ეგზავნებათ ხოლმე გასაცნობად და თავისი მოსაზრებების გამოსათქმელად. აუდიტორული დეპარტამენტი მუშაობს ქუთაისში და მათ ყველა ანგარიშზე აქვთ კომუნიკაცია აუდიტის ობიექტებთან" - აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. მისი განმარტებით, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის მასალებია გასაჯაროებული.- აღნიშნავს ტატა გამყრელიძე.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების ,,მიმოწერამ" გაჟონა

გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა სათემო რადიო ,,მოზაიკას" წყაროდ დასახელდეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები