გორში ონლაინ-სესხების მითვისების ფაქტზე 33-წლის ქალი დააკავეს
გუშინ შს სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ქალი დააკავა.  ინფორმაცია შსს-მ მას შემდეგ გაავრცელა, როდესაც ფაქტით qartli.ge დაინტერესდა.

სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი,1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ ვერსიით, ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები