ახალი ამბები
გორში უსახლკარო კაცი საკათედრო ტაძრის წინ
წუხელ თამაზ საათაშვილს გორის საკათედრო ტაძრის წინ, ურიკაზე ეძინა. მასთან ერთად, ორი ძაღლიც იწვა.

გვითხრა, რომ ისე დაიღალა, გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ის ღამის განმავლობაში ბოთლების ნარჩენებს აგროვებს, დღე კი, ბაზარში მტვირთავად მუშაობს.

ღამის გათევა ძირითადად ავტოსადგურის საპირფარეშოს სათავსოში უწევს. მის შესახებ რამდენიმე რეპორტაჟი მოვამზადეთ. მას ჰყავს და და ძმა.

გორის მერიამ მის დას, უმძიმეს ავადმყოფს სოციალური საცხოვრისი გამოუყო, ძმას კი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, ასევე, ოთახი დაუქირავა. ძმას, გია საათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა.

სოციალური საცხოვრისის გარეშეა დარჩენილი თამაზ საათაშვილი. გორის მერიამ საცხოვრისი ყოფილი ნარკოლოგიურ შენობაში გამოძებნა, თუმცა უმძიმესი პირობების გამო, ოთახი მიატოვა:

,,ისევ მირჩევნია მარტო ვიყო და აქ მეძინოს" - აცხადებს თამაზ საათაშვილი.

გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თამაზ საათაშვილმა პატრულის თანამშრომლებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ძილის გაგრძელება ითხოვა.

საბოლოოდ, რა შეთავაზება აქვს გორის მერიას, ამის თაობაზე სამუშაო დღეს ორშაბათს გავარკვევთ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები