გორის სკოლის პირველკლასელთა ფორმებმა დისკუსია გამოიწვია
გორის სკოლაში პირველკლასელებს სპეციალურად შეკერილი ფორმები ჩააცვეს, რომელმაც სოციალურ ქსელში პროტესტი და დისკუსია გამოიწვია. იდეას როგორც მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგები გამოუჩდნენ.

ფაქტს ყურადღება გორის საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა მიაქცია, რომელმაც აღნიშნა, რომ იდეას კომუნისტური ელფერი გასდევს:

,,ეს მშობლიური გორია და "სვეტსკების" საჯარო სკოლა! რა ჰქნან ეხლა თუ "საბჭოთა"ნოსტალგია ტულით ჩაანაცვლეს, შემდეგ წელს წითელი ყელსახვევები დაამშვენებთ, მერე კიდევ დაფრთიანდებიან და ერთმორწმუნე რუსეთში გაგზავნიან მეგობრობის უსტარს, შემდეგ "არტეკში"დაისვენებენ... და ეს არის ახალი სკოლა? ახალი ხედვა ევროპისკენ და სერთიფიცირებული, კვალიფიციური პედაგოგებით დაკომპლექტებული სკოლა? სად არის გორის რესურსცენტრი და განათლების სამინისტრო? რატომ არ აკეთებს განცხადებას ან ერთი და ან მეორე? ამ მიზანმიმართული პროვოკავიისთვის დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა!" - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

დისკუსიას პედაგოგი ხათუნა დემურიშვილი გამოეხმაურა:

,,ეს ბავშვები ჩემი მოსწავლეები არიან, ისინი წარმატებული, ლამაზი და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეები არიან, მათ პატარა გულებში იმ ქვეყნის სიყვარულია, რომელსაც ჰყავდა შინდისის გმირები, ეს ბავშვები გასულ წელს აცრემლებული თვალებით, მუხლმოყრილნი იდგნენ შინდისში, გმირების საფლავზე, მათ კარგად იციან იაკობის და სულხან -საბას სიბრძნე, მე მათი მასწავლებელი ვარ და ფორმები ჩემი სურვილი იყო," - აღნიშნავს პედაგოგი.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, პედაგოგის განცხადებით, ის საქმის კურსში არ იყო:

,,რაც შეეხება ქ -ნ ეკატერინე ხუციშვილს, მან საერთოდ არ იცოდა გადაწყვეტილების შესახებ, ჩვენ, თავისუფალი არჩევანი გვაქვს (დემოკრატიაა) და კიდევ თქვენ არ გაქვთ უფლება მსგავსი განცხადების, (არ მიყვარს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ). ჩემი მეუღლე 25 წლის ასაკში აფხაზეთში გმირულად დაიღუპა, პატარა ბიჭი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, როგორ გგონიათ, ვინ მოკლა? თუ ვინმეს შესაძლოა პროტესტი ჰქონდეს ეს შეიძლება მე ვიყო, მე არ ვაპირებ ვინმე გავლანძღო, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ საღამოზე (ბოლო ზარს ვგულისხმობ ) წინსაფრით და თეთრი ბაფთებით პეპლებს ჰგვანან და ალბათ მათაც ის ნოსტალგია აქვთ, რაზეც ზემოთ დაწერეთ. ქ - ნო ირმა, თქვენ "ენით დაკოდილი" რომ გადაგეკითხათ იქნებ ეს არ დაგეწერათ, თან იმ დროს, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მე თქვენ თანაგიგრძნობთ." - უპასუხა პედაგოგმა საკრებულოს წევრს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები