,,ეს არის ბულინგი, ბავშვების, მშობლების და პედაგოგების“-რესურსცენტრის უფროსი
„ის, რაც ირმა ამბარდნიშვილმა გააკეთა, არის ბულინგი, ბავშვების, მშობლების და მასწავლებლის მისამართით“,- ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, ირმა ამბარდნიშვილის განცხადებას.

ამბარდნიშვილმა სოციალურ ქსელში მე-9 საჯარო სკოლის მოსაწავლეების ფორმები გააკრიტიკა და მას „საბჭოთა“ ნოსტალგია უწოდა.

„ბულინგი იყო ირმა ამბარდნიშვილის მხრიდან ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების მისამართით.

უნდა გაიაზროს ქალბატონმა ირმამ, რომ ეს თაობა არტექსში დასავენებლად და სასწავლებლად არ წავა, ეს ის თაობაა, რომელიც „ფლექსის“ პროიგრამით სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.

ეს ბავშვები საბჭოთა კავშირის აღდგენაზე არ ოცნებობენ და არც წითელ ყელსახვევებს გაიკეთებენ.

კლასის დამრიგებლის მეუღლე აფხაზეთის ომში დაიღუპა, ის ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა და ქალბატონი ირმა უნდა იაზრებდეს, თუ რას წერს სოციალურ ქსელში“, - განაცხადა qartli.ge-სთან ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისივე განცხადებით, ვერც განათლების სამინისტრო, ვერც რესურსცენტრი და ვერც სკოლის ადმინისტრაცია ვერ ჩაერევა მოსწავლეების ფორმების შერჩევაში.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო სკოლებში ფორმა დაწესებული არ არის, მაგრამ მასწავლებელს, მშობლებსა და მოსწავლეებს უფლება აქვთ შეიკერონ ისეთი ფორმები, როგორიც მათ მოსწონთ, ეს წმინდა გემოვნების ამბავია. მთავარია, სასკოლო ფორმაზე რელიგიური სიმბოლიკა არ იყოს დატანილი. ასევე, იძულებითი სახე არ უნდა ჰქონდეს ფორმის ჩაცმას. მე პირადად, მოსწავლეების ფორმებში, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“,- აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

იხ. ამავე თემაზე:

გორის სკოლის პირველკლასელთა ფორმებმა დისკუსია გამოიწვია
Print

სტატიის გამოყენების პირობები