ახალი ამბები
3 ქართველი ფერეიდნიდან, რომლებმაც საქართველომდე გზა ფეხით გამოიარეს
ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი, 32 წლის განმავლობაში, სწორედ, იმ გზაზე მოდიოდნენ, სადაც 400 წლის წინ, მათმა წინაპრებმა საქართველოდან გადასახლების დროს, გაიარეს.

სტუმრებს გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუმრებმა და მასპინძლებმა საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ, ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც ფერეიდნელ ქართველებთან მეგობრებული ურთიერთობა აკავშირებთ.

მაგალითად, მწერალი და ჟურნალისტი ოლია ბრაგვაძე იხსენებს ბავშვობის პერიოდს, როდესაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში, 1972 წელს, ფერეიდნიდან მის მეზობლად ერთი ოჯახი დასახლდა.

,,მშობლებმა სკოლაში დაიწყეს მუშაობა. მე მათ შვილებთან ვმეგობრობდი და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. კარგად მახსოვს, როგორც ეჩქარებოდათ სკოლაში წასვლა. ერთ-ერთი მშობელი სულ საათს დაჰყურებდა, როდის მოვა ის დრო, როცა სკოლაში წავალო" - იხსენებს ოლია ბრაგვაძე.

გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მასაც რამდენიმე მეგობარი ჰყავს:

,,იყო ესეთი გამოთქმა ფერეიდანში. თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლი, აუცილებლად საქართველოში მოხვდებიო. მართლაც, ჩემი მეგობრები როცა მოდიოდნენ საქართველოში, საქართველოს საზღვარზე, წითელ ხიდთან, ცისარტყელა გამოჩნდა და რატომღაც მათ ქვეშ აღმოჩდნენ. ეს სურათი დღესაც შენახული მაქვს" - ამბობს გუბერნატორი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე.

გორის უნივერსიტეტის სტუმრებმა კი, დამსწრე საზოგადოებას ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ უამბეს. ასევე გაიხსენეს ისტორიები, რომლებიც მათ საქართველოში გადახდათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები