ადვოკატი: ,,ვერ მტკიცდება, რომ ბრალდებულმა იცოდა დანაშაულის შესახებ"
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის მასალების დამზადებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ 7 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.

ერთ-ერთ მათგანს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წაუყენეს ბრალი. მას ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს.

,,ეს არის პირი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ ბრალდებულთან და მისი ბრალდება არის, თითქოს მან იცოდა, რომ დანაშაული მზადდებოდა და ჩადენილი იყო და პოლიციას არ აცნობა. ე.ი. ეს არის 376-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ასეთი პირის მიერ ამ დანაშაულზე ინფორმაციის პოლიციისათვის მიუწოდებლობას. არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც ამას დაადასტურებდა არათუ უტყუარად, ირიბად მაინც საეჭვოც კი არ არის წარმოდგენილი პროკურატურის მიერ. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს და არ უთითებს, რომ ამ ადამიანმა იცოდა რამე. სატელეფონო კავშირი ჰქონდა თავის მეგობართან, ყოფა-ცხოვრების საკითხებზე. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. სასამართლოს არ უთქვამს, რითი დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში 8 პირი დააკავეს. ფაქტზე სულ 11 ადამიანს წაუყენეს ბრალი. მათ შორის, უცხოეთის 2 მოქალაქეს.

იხ. ამავე თემაზე:

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები