ავტობანზე დაშავებული პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა უცვლელია
ავტობანზე დაშავებული პატრულის თანამშრომლის, 31-წლის გიორგი ტაბატაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ამის შესახებ qartli.ge-ს ღუდუშაურის კლინიკის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ძირითადად ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, პატრულ-ინსპექტორები: გიორგი ტაბატაძე და გიორგი ხაჩიძე. გიორგი ხაჩიძე გორის ჰოსპიტალიდან გუშინვე გაწერეს.

გუშინ საღამოს გიორგი ტაბატაძე ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დაკავებულია.

ფოტოზე: გიორგი ხაჩიძე და გიორგი ტაბატაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები