პატრულის თანამშრომელი მე-5 დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მე-5 დღეა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ღუდუშაურის სახელობის კლინიდამ აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი ტაბატაძის მდგომარეობა უცვლელია და სტაბილურად მძიმეა. პატრულის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გიორგი ტაბატაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც ტრაილერი უკანა მხრიდან დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 19 აგვისტოს აგარასთან მოხდა. დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი გიორგი ხაჩიძე და გიორგი ტაბატაძე. გიორგი ხაჩიძე სამედიცინო დაწესებულებიდან იმ დღესვე გაწერეს, ხოლო გიორგი ტაბატაძე დღემდე ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმე. პაციენტი ჩვენთან ქარელის საავადმყოფოდან 19 აგვისტოს გადმოიყვანეს, მას შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არაფერი შეცვლილა, მდგომარეობა არ დამძიმებულა“- განუცხადებს Qartli.ge-ს ღუდუშაურის კლინიკის ადმინისტრაციიდან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები