მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებული ვიაჩესლავ კაზიევი (ყაზიევი)
ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური
სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად თრომბი
დაასახელეს.
34-წლის ვიაჩესლავ ყაზიევი 2018 წლის მაისში ცხინვალის მილიციას
ჩაბარდა.
მარეკ დუდაევი 2018 წლის 16 იანვარს სოფელ ზემო არცევში მოკლეს.
დუდაევის ყოფილი მეუღლე მარფა ვაზაგოვა მკვლელობას შურისძიებას
უკავშირებდა. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს წარსულში მარეკთან
კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა რა კონფლიქტი, არ ახსენა.
,,მკვლელს ეშინოდა მარეკის, მივიდა ფერმაში და უკნიდან ესროლა" -
განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს.
დუდაევს სამი ტყვია ესროლეს, ორი - თავში აქვს მოხვედრილი. ცხედარი
ყოფილი კლუბის შენობაში ნახეს.
სოფელი არცევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს ემიჯნება.
მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების
ძალოვნებმა, დივერსიული აქტის მოწყობის ბრალდებით, დააკავეს და
23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის
პატიმრობიდან გაათავისუფლეს და 2013 წელს დე-ფაქტო რესპუბლიკას
გადასცეს.
სტატიის გამოყენების პირობები