ახალი ამბები
8 ამბავი რომელსაც კარბის მემორიალი ინახავს აგვისტოს ომზე
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კარბში ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა. დაფაზე იმ 8 ადამიანის სახელი და გვარია დაწერილი, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს დაიღუპნენ.

ყველა მათგანი სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი და ახალ, მშვიდობიან ამბებს ელოდებოდა. რადიო სოფლის დამსახურებულ პედაგოგსა და სკოლის ყოფილ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს ჰქონდა ჩართული. ის და მეზობლები ერთად სკამზე ისხდნენ, დანარჩენები თავისი ეზოს ჭიშკართან იყვნენ. ერთ ქალბატონს კი, ღამენათევს ეზოში ტახტზე ეძინა. დაღუპულებს შორის არიან ძმებიც.

შუადღეს მოულოდნელად სოფლის ცენტრში ჩამოვარდნილმა ბომბმა მათი სიცოცხლე იმსხვერპლა. უმრავლესობის სხეული იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი ამოცნობის პროცედურების ჩატარება გახდა საჭირო.

2008 წლის 12 აგვისტოს კარბში დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები: გიორგი მარიამიძე, ანზორ ბიძინაშვილი, ციალა ბიძინაშვილი, ამირან თევდორაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, დოდო მარიამიძე, ვალიკო შევარდენიძე.

ვიდეოში მათი ახლობლები 12 აგვისტოს ამბებს ყვებიან. მათი თქმით, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც სოფელი ვერ დატოვეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები