ვლადიკავკაზში ქართული ფილმი ,,ფატიმა" ოსურ ენაზე თარგმნეს
ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ქართული ფილმი ,,ფატიმა" ოსურ ენაზე გაახმოვანეს, რომლის ჩვენება 12 ოქტომბერს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფილმის გაცოცხლება ნაწარმოების ავტორის მშობლიურ ენაზე მწერალ კოსთა ხეთაგუროვის საიუბილეო თარიღს დაამთხვიეს.

''ფატიმა'' – კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, რეჟისორმა სიკო დოლიძემ და ვლადიმერ ვალიშვილმა გადაიღეს. მთავარ როლებს ასრულებენ: თამარ კოკოევა–ფატიმა, ოთარ მეღვინეთუხუცესი–ჯამბულატი და გიული ჭოხონელიძე–იბრაჰიმი.

ფილმი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მშვენიერი ფატიმა თავადის ვაჟს, ჯამბულათს და მოჯამაგირეს — იბრაჰიმს შეჰყვარებიათ. ქალს თანაშეზრდილი ჯამბულათი უყვარს, მაგრამ იგი ომში უგზო-უკვლოდ იკარგება. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ ფატიმა იბრაჰიმს მიჰყვება, მაგრამ მოულოდნელად დაბრუნებული ჯამბულათი მისგან ოჯახის დატოვებას მოითხოვს. ფატიმას უარის შემდეგ, ჯამბულათი ჰკლავს იბრაჰიმს, ფატიმა კი ჭკუაზე შეიშლება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები