გორში აღნიშნავენ ,,გორის დღეს"
ცვალებადი ამინდის მიუხედავად, გორში, აღნიშნავენ ,,გორის დღეს". ღონისძიება მოიცავს კირიონ II - ის; წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებს. ცენტრალური ადგილი საკათედრო ტაძარს, ყოფილ ,,ფრანგების ეკლესიას" უკავია.

ბავშვებისთვის გათვალისწინებული ატრაქციონები გოგებაშვილის ქუჩაზეა; გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მწარმომადგენლების მიერ ჩატანილი პროდუქტები (სხვადასხვა სახეობის ხილი, ყველი, ფრინველის ხორცი, ცოცხალი თევზი და სხვა), გორის ციხის ასასვლელამდეა მოწყობილი.

სტუმრები მონაწილეობენ წინდების ქსოვის მასტერკლასში და კერამიკოსებთან ერთად ძერწავენ სასურველ ჭურჭელს. იქვეა გამოხდილი ჭაჭა, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული მაჭარი, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოსავლები ჩურჩხელები.

გორის საკათედრო ტაძრის წინ ტარდება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ხალხურ თამაშში ,,ლახტი.“

ეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთებისა და ყველა თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა.

წარმოდგენილია გორის რესურსცენტრის, სკოლებისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიღწევების ამსახველი გამოფენები. რესტორნები წარმოადგენენ ძველი, ხალხური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს. წერეთლის ქუჩაზე დღის 13:00 საათიდან გაიმართება კონცერტი.

"გორის დღე 2019" - ზე მოწვეულები არიან და საინტერესო კუთხეებს წარმოადგენენ: კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 17:00 საათზე დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით. გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.

19:00 საათზე, ახლადრიაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “ - ს დაასრულებს გალა - კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით. გველოდება ფოიერვერკი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები