ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს
ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ეს მუხლებია განზრახ მკველობისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ბრალდებულის სასამართლო გორში გაიმართება.

ადვოკატ ლარისა ჩადუნელის თქმით, წაყენებული ორი მუხლიდან ერთს არ ეთანხმებიან: ,,მიზანი არ იყო ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა. იარაღის ნაწილში კი, ჩვენი პოზიცია გვექნება" - აღნიშნავს ადვოკატი.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები