პატრულის თანამშრომელი 25-ე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ტაბატაძე 25-ე დღეა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაცია Qartli.ge-ს ღუდუშაურის კლინიკიდან მიაწოდეს.

ადმინისტრაციის ცნობით პატრულის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელი, სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიღებული.

31 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციის მანქანაში მეწყვილესთან ერთად იჯდა და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილს ტრაილერი დაეჯახა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა

„შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, პატრულ-ინსპექტორები: გიორგი ტაბატაძე და გიორგი ხაჩიძე. გიორგი ხაჩიძე გორის ჰოსპიტალიდან გუშინვე გაწერეს.

იმავე საღამოს, გიორგი ტაბატაძე ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები