ახალი ამბები
გორში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნა
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გორში, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნა საზოგადოება ,,ბილიკს’’ უკავშირდება, რომელიც 2017 წლის 1 სექტემბრიდან ადრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს.

ადრეული ინტერვენციის პროგრამა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენს. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ადრეულ ინტერვენციას და მომსახურების მიწოდებას გულისხმობს.

ცენტრის ბენეფიციარები კომპლექსურ მომსახურეობას მიიღებენ, რომელიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. მათთვის ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეც-პედაგოგი, ადრეული განვითარების ინტერვენციონისტი, მეტყველების თერაპევტი და ლოგოპედი იმუშავებს.

აღნიშნული ცენტრისთვის ფართი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოება ,,ბილიკს’’ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. ცენტრში შიდა სარემონტო სამუშაოები ორგანიზაცია ,,ADRA - საქართველო’’-მ შეასრულა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები