,,ტურისტები დატოვეთ გორში" - გახარიას რჩევები გორელი მეწარმეებისთვის
,,ღვინო ნაკლები იცით თუ რა?" - უთხრა გიორგი გახარიამ გორელ მეწარმეებს, რომლებსაც გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურისტი თუ გორში ჩავა, უკან არ უნდა გაბრუნდეს და დარჩეს.

,,მე და გიგიც ვსაუბრობდით, რომ შიდა ქართლი დახუნძლულია ისტორიული ძეგლებით. არანაკლები ისტორიული ძეგლები გაქვთ, ატენი, უფლისციხე, ასევე, ისტორიული მნიშვნელობის მუზეუმია გორში. კახეთში რატომ მიდის უფრო მეტი ტურისტი? იმიტომ, რომ იქ ღვინოა. თქვენ რა, ღვინო ნაკლები იცით? თქვენს საქმიანობას ტურისტული კომპონენტი უნდა დაუმატოთ. გააკეთოთ პატარა სასტუმროები, არ არის აუცილებელი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. დატოვეთ ტურისტი გორში, იმიტომ, რომ თქვენი რეგიონი ახლოსაა თბილისთან." - უთხრა გახარიამ ფერმერებს.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში ტურისტებს წასვლა აუკრძალა, ქვეყანამ დაახლოებით 350 მლნ ლარი დაკარგა:

,,ეს ფული აღდგება, დამერწმუნეთ. ივლისის შემდეგ ძირითადად ეს ფული დააკლდა თბილისსა და ბათუმს. იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ფული თქვენთან წამოვიდეს. სახელმწიფო კი, ყველანაირად მოგეხმარებათ და გეხმარებათ. სხვათა შორის, იმდენი პროგრამები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ბოლომდე ვერც გავერკვიე, იმდენი დახმარებაა ფერმერებისთვის, მაგრამ ეს ერთმანეთს ვერ ავსებს. ეხლა მე გეტყვით? რატომ არ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ბანკებმა პროცენტი აწიეს. ისაუბრეთ ამაზეც." - აღნიშნა გახარიამ.

ფერმერმა მირიან ოქროშიაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან დახმარება, ძირითადად, საწვავზე ჭირდება:

,,მოგეხსნებათ, საკმაოდ, მაღალია საწვავის ფასი. მე როგორც ვიცი, ევროპაში არის ისეთი საწვავი, სხვა ფერის საწვავი, რომლითაც ფერმერებს ეხმარებიან. იქნებ ჩვენც დაგვეხმაროთ ამაში. დიდი პრობლემაა მიწის რეგისტრაცია. მე მაგალითად 15 წელია მიწას ვუვლი, ვიყიდე სხვისგან, მაგრამ 20 წლის წინ რომ საბუთები დაიკარგა, ვერც ის პირველი მეპატრონე ირეგისტრირებს, რომ შემდეგ მე გადმომიფორმოს მიწა" - განაცხადა მირიან ოქროშიაშვილმა.

კიდევ ერთმა ფერმერმა სოფელ ატენიდან აღნიშნა, რომ გააშენა ვაზის ტერასები ატენის ფერდობებზე, თუმცა მიწას ვერ ირეგისტრირებს.

გახარიამ თქვა, რომ კერძო საკუთრების საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ეს თემა შემდგომ მიბმულია სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან:

,,მესმის, რომ თუ მიწა არ გაქვთ კერძო საკუთრებაში, სხვა სიკეთეებს ვერ მიიღებთ, მაგალითად, კრედიტებს და ასე შემდეგ. მომავალი წლიდან იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას და ალბათ ეს პროცესი გაადვილდება" - უპასუხა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები