ატოცთან განახლებულ ,,ბორდერიზაციის" პროცესს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილავენ
გამყოფი ხაზთან, განსაკუთრებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში განახლებული „ბორდერიზაციის“ პროცესი ოპოზიციამ შეაფასა. ხელისუფლების ოპონონტები მიიჩნევენ, რომ საოკუპაციო ძალის ქმედება ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთთან შერბილებული ტონით საუბარი არაფრის მომცემია და ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და ხმის არ ამოღების ბრალია, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად, როგორ აჩოჩებენ საზღვარს რუსი ოკუპანტები. ამ საკითხს ლავროვთან შეხვედრა კი არა, ქვეყნის პატრიოტებთან კონსულტაციები სჭირდება. სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება წარმოდგენილია, როგორც სადამკვირვებლო მისია და არა ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ტერიტორიებს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

გიგი წერეთელია კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლას და ატოცში მიმდინარე პროცესებზე აპირებს საუბარს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია.

"სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გრძელდება, საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლებამ, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც არის, დღეს, მეტად იაქტიუროს. პროცესს სჭირდება სერიოზული დაპირისპირება, რომ შეჩერდეს. ხელისუფლების ნაბიჯები ჯერჯერობით შედეგიანი არ არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, რომ ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე,"- ამბობს გიგი წერეთელი.

ქარელის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი რამდენიმე დღის წინ განაახლეს. ატოცის სიახლოვეს მათ დამონტაჟებულ ძელებზე რკინის ბადეები გააბეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები