საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემო ოქონას მიმართულებით ხნულები გაავლეს
ატოცი - ქვემო ოქონას მონაკვეთზე ე.წ. სახანძრო ხნულები გაავლეს. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

„ეს ხნულები 2017 წელს გაავლეს, თუმცა ახლა რომ ვნახეთ განახლებულია“- აცხადებს „ძალა ერთობაშია“-ს წევრი მიშა ბალიაშვილი.

მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი დავით ქაცარავა ვარაუდობს რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები ახალი ტერიტორიების მისატაცებლად ემზადებიან.

„თითქოს დამშვიდდა სიტუაცია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ აქ ატოცი ქვემო ოქონას პერიმეტრი არის 5 კილომეტრიანი, შესაძლებელია ცოტა მეტიც, ამ მანძილის მხოლოდ 330 მეტრია მხოლოდ შეღობილი, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა რუსი ოკუპნატები ყოველ წუთს გამოჩნდნენ და გააგრძელონ „ბორდერიზაცია“, ასევე არ შეჩერებულა ჩორჩანა-წაღვლის ტყის ოკუპაცია, საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ“- აცხადებს დავით ქაცარავა.

საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში „ბორდერიზაციის“ პროცესი 2 დღის წინ განაახლეს. იქ დამონტაჟებულ 148 რკინის ძელზე, რომლის სიგრძე 330 მეტრია, ოკუპანტებმა ბადეები გააკრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები