მომავალი მფრინავი გორიდან - რატი ხუციშვილი
20-წლის გორელი რატი ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში ამერიკის უნივერსიტეტში ისწავლის და პილოტის პროფესიას დაეუფლება. მფრინავის პროფესიაზე ოცნება სკოლის პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ სხვა პროფესიაზე აღარც უფიქრია.

გორის მე-7 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში (სსუ) 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა. სსუ-ში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა ამერიკაში სავიაციო სასწავლებელი, სადაც გააგზავნა მონაცემები და გასაუბრების გავლის შემდეგ
ჩაირიცხა ნიუ-ჯერსიში, CENTURY AIR - სასწავლებელში.

რატი ერთი თვეა რაც ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად და მის პილოტის წიგნაკში უკვე 12 ოფიციალური ფრენა ფიქსირდება.

,,პირველად 5 წლის ასაკში ვუყურე დოკუმენტურ ფილმს თვითმფრინავების შესახებ, რამაც ძალიან დამაინტერესა, მაგრამ მაშინ პილოტის პროფესიაზე არ მიფიქრია. პილოტის პროფესიის არჩევაზე ფიქრი მე-8 კლასიდან დავიწყე, რაშიც დიდი წვლილი ჩემს დას მიუძღვის. მან მითხრა - რატი, პილოტობა არ გინდა? დამაინტერესდა და მაშინვე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა გავმხდარიყავი პილოტი. მოვიძიე ინფორმაცია და აღმოვაჩინე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (სსუ), მალევე გამოცხადდა ღია კარის დღე და მეც წავედი. ისე დამაინტერესდა ეს სფერო, რომ სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია.“ - ამბობს რატი ხუციშვილი.

გორის მე-7 სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ , 50%-იანი გრანტით, საავიაციო უნივერსიტეტში ჩაიირცხა, სადაც 1 წელი ისწავლა.

,,ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო 1 წელი ჩემს ცხოვრებაში. სწავლის პერიოდში გავიგე ბევრი ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა სხვა ქვეყნებში სწავლა და აღმოვაჩინე, რომ ამერიკის სასწავლებელში შესაძლებელი იყო ერთ წელში გავმხდარიყავი მფრინავი. მოვიძიე ადამიანები საქართველოში, ვინც ამერიკის უნივერსიტში ეუფლებოდა პილოტის პროფესიას. ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ლაკოევი, რომელმაც ისწავლა ამერიკაში და ახლა ის უკვე პროფესიონალი მფრინავია. მან მირჩია ეს სასწავლებელი და მითხრა ყველაფერი, რაც ამერიკაში წასვლისთვის იყო საჭირო. აღნიშნულ სასწავლებელს დავეკონტაქტე, შემდეგ დამიბარეს გასაუბრებაზე, 40 წუთის განმავლობაში დამისვეს უამრავი კითხვა, მეკითხებოდნენ ყველაფერზე, ავიაციაზე, ქართული ენის შესახებაც კი მკითხეს. გასაუბრება წარმატებით გავიარე და მალევე გამომიგზავნეს მოწვევა ამერიკის უნივერსიტეტიდან, შევედი საელჩოში და აი უკვე აქ ვარ ერთ თვეზე მეტია. ჩემს პილოტის წიგნაკში უკვე 12 ოფიციალური ფრენის საათი ფიქსირდება. მახსენდება ჩემი პირველი აფრენა, როდესაც შენ თვითონ ააფრენ თვითმფრინავს, მაგაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. ერთდროულად განვიცადე სიხარული, ცოტაოდენი შიში, გაოცება და უამრავი ადრენალინი. სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და მუშაობას დავიწყებ რომელიმე ქართულ კომპანიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დას და მშობლებს, ყველა ჩემს მასწავლებელს,ლექტორს და საფრენოსნო ოპერაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს სიმონ ჯამბაზიშვილს, რომ არა ისინი, ახლა მე აქ არ ვიქნებოდი.“- აღნიშნა რატიმ Qartli.ge-სთან საუბრისას.




ავტორი: თათია გოლოშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები