ახალი ამბები
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
სოფელი, სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, მთის ფერდობიდან ხელის გულზე ჩანს. წაღვლიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. წაღვლიდან ყობამდე გვერდით, დოლომიტების თეთრ საბადოს ჩავუარეთ. მანქანით თავქვე დავეშვით. გზა ცუდი იყო:

,,ფეხით ხომ არ ჩავიდეთ?“ - ვიფიქრეთ - ,,თუმცა, აქ გაჩერებას აზრი არა აქვს. დაღმართია და მანქანას ვერ მოვატრიალებთ“. - გავიფიქრეთ. სოფლის შესასვლელამდე 100 მ-მდე იყო დარჩენილი.

ჯერ წაღვლი გავიარეთ, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სკოლაში გენადი ბოსიკოვის შვილი ვიკითხეთ. ის ისტორიას ასწავლის. პედაგოგი სოფელში არ დაგვხვდა. მასთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, რათა მისი მშობლების მდგომარეობის შესახებ, ესაუბრა.



გენადი ბოსიკოვი და სვეტლანა თიგიშვილი

გენადი ბოსიკოვი სოფელ ყობში მარტო ცხოვრობს - მეუღლესთან, სვეტლანა თიგიშვილთან ერთად. დენი არა აქვთ. რაც ჩორჩანა-წნელისს შორის სიტუაცია დაიძაბა, დენის გენერატორს ღამით აღარ რთავენ - ძალიან დიდი ხმა აქვს და ვერიდებითო.
1-კომლიანი დასახლება ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ თემში შედის.

წაღვლში მერის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ვიკითხეთ.ტელეფონზე როცა დავურეკეთ, გვითხრა - ყობისკენ ვარო, თუ ყობში მოდიხართ, შეგხვდებითო.

სოფელ წაღვლის ცენტრში საგზაო კომპანიის ტექნიკა შეგხვდა. ბრიგადა მუშაობდა. ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე ასფალტს აგებდნენ. ბრიგადირმა გვითხრა, ცენტრალურ გზაზე ვერ გაივლით, სოფელს ზემოდან შემოუარეთო. შემოვუარეთ სოფელს იმ გზებზე, სადაც პოლიციის პიკაპებიც არ მოძრაობს.

წაღვლში გვითხრეს, რომ ყობისკენ მიმავალ გზაზე ჩვეულებრივი მანქანა კარგ ამინდში გაივლის. სიმინდის ყანებში ხალხი მუშაობსო. გადავხედეთ წაღვლის სიმინდის ყანებს. ათეულობით ფუჩეჩის კონა დავინახეთ. გზა და გზა სიმინდის ტაროებიც ყრია.

რა ხდება ყობში

პირველად როცა გენადი ბოსიკოვს დავურეკეთ, 16 ოქტომბერი იყო. იმ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დოლომიტების საბადოსკენ მიიწევენ, ტყეში ჭრიან გზას და, შეიძლება, სოფელი ყობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცესო.

,,ისინი დაბლა მუშაობენ . მე დღესაც წაღვლში ვიყავი და ჩვეულებრივ დავბრუნდი სოფელში. ცოტა ადრე რომ გეთქვათ, წაღვლში დაგხვდებოდით და წამოგიყვანდით ყობში“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა ერთი კვირის წინ, ტელეფონზე საუბრის დროს. ,,ისე, დღემდე, რატომ არ ჩამოხვედით?!“.

22 ოქტომბერს გზად სოფლის წარმომადგენელი შეგხვდა და მასთან ერთად შევედით ყობში. გენადი ბოსიკოვის სახლი ყობის შესასვლელშია. ძალიან პატარა სოფელია. გარშემო სულ სახლების ნანგრევებია. შორიახლოს ბევრი მუხაა - აქ აუცილებლად სალოცავი იქნება. ოსურ სოფლებში სადაც ბევრი მუხაა, იქ ყოველთვის სალოცავი გვხდება. მუხები წმინდა ადგილად ითვლება. სამუშაო ბევრი გვქონდა, მზე კი, უკვე შუადღეზე გადავიდა.
მარცხნივ მთაზე საგუშაგო დავინახეთ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შტაბი აქვთ. უფრო მოშორებით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ორი დროშა ფრიალებს. ყობსა და მთას შორის ღელეა. გენადი ბოსიკოვმა გვითხრა, მანძილი 1 ან 1,5 კმ-ია.

,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა? თუ ასეთი საფრთხე არსებობს, მე რატომ ვარ აქ? მითხრან მეც და წავალ ამ სოფლიდან“ - გვითხრა.

სახლის ეზოდან გენადი ბოსიკოვის მეუღლეც მოგვესალმა. ეზოში სიმინდი აქვს გაშლილი და მზეზე აშრობს. ვიდრე გადაღებას დავიწყებდით, მასპინძელმა და სოფლის წარმომადგენელმა ტრაქტორზე დაიწყეს საუბარი:

,,ვაჟა, აღარც ტრაქტორები მოდიან აქ. ნაკვეთის მოხვნა მინდა და სადაც დავრეკე, ყველგან მითხრეს, მანდ ვერ ჩამოვალთო. საციხურში, კოდაში, ბროლოსანში დავრეკე და ყველგან უარი მითხრეს, გამაგებინეთ მეც, რა ხდება“ - ჰკითხა მასპინძელმა სოფლის წარმომადგენელს.

ძაღლი არ ყეფს სოფელში

ყობის ჩრდილოეთით ფერდობი ქვევით ეშვება და ძალიან ახლოს სახლები ჩანს. ეს სოფელი წნელისია.

,,ღამე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდება გარშემო, წნელისში რასაც ლაპარაკობენ, აქ ისმის. გენერატორს ვეღარ ვრთავთ, რომ შუქი გვქონდეს. ძალიან ხმამაღალზე მუშაობს, ღამე განსაკუთრებით. რაც ეს გზების გაყვანა დაიწყეს, ვერიდებით გენერატორის ჩართვას. შუქი არ გვაქვს. შარშან მზის ბატერიებს დაგვპირდნენ, მაგრამ დღემდე არ ჩამოუტანიათ“ - გვითხრა სვეტლანა თიგიშვილმა.

წყალიც არ არის სოფელში. ჭა კი გააკეთეს ხელისუფლების დახმარებით, მაგრამ დენის გარეშე მოტორს ვერ ამუშავებენ. ,,ამიტომ, ჩვენი პატარა ტრაქტორით გვიწევს წაღვლიდან მოტანაო“.

სვეტლანა თიგიშვილმა გვითხრა, რომ ძაღლიც კი აღარ ჩერდება სოფელში. ხოლო, რაც კი, ჩორჩანა-წნელისს შორის მდებარე მთაზე გზის გაჭრა დაიწყეს, ტურა ბარში ჩამოვიდაო. ,,ისეთ ხმაზე წივიან საღამოთი, მართლა შეგეშინდება“ - გვითხრა სიცილით მასპინძელმა.

ყობი 1991 წლიდან დღემდე

გენადი ბოსიკოვმა რამდენჯერმე გვიხსენა გასული საუკუნის 90-იანი წლები. ,,როგორც ჩანს, ამ პერიოდს დიდი გავლენა მოუხდენია თქვენზე“ - ვკითხეთ.
,,არც კი შეიძლება ამის დავიწყება. 2-ჯერ ვარ ჩემი სოფლიდან წასული, მაგრამ რაც 1991 წელს მოხდა, ეს არ მავიწყდება. წამოდით აქეთ. ჩართე კამერა და აქეთ მოგცემთ ინტერვიუს“ - გვითხრა და სახლის უკან ბაღისკენ გაგვიყვანა:

,,აი, ეს სახლი 1991 წელს დაუწვეს ჩემ მშობლებს. მამაჩემი და დედაჩემი იძულებული გახდნენ წასულიყვნენ სოფლიდან ვლადიკავკაზში. მეც გავყევი. ჯერ ორი კვირა ტყეში ვიმალებოდით, მაგრამ რომ არ დაწყნარდა სიტუაცია, იძულებული გავხდით წავსულიყავით. 2001 წელს დაბრუნდნენ ჩემი მშობლები. გადაწყვიტეს, რომ თავიანთ კერას დაბრუნებოდნენ. მეც მათთან ერთად დავბრუნდი“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა.

ვიდრე 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყებოდა, გენადი ბოსიკოვი ცოლ-შვილთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. ცემენტის ქარხანაში მძღოლად მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

,,გენადის მშობლები ვლადიკავკაზში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. აქ მაშინ დიდი უბედურება მოხდა. გენადის მამიდაშვილი მოკლეს და შემდეგ თითქმის ყველა მოსახლე წავიდა. შევარდნაძის მმართველობის დროს დაბრუნდნენ. ჩემ მამამთილს და დედამთილს ნორვეგიელებმა სახლი აუშენეს. ჩემი მეუღლეც აქ დასახლდა. საერთოდ, არ უყვარს რუსთავში ცხოვრება. მეც მასთან ერთად აქ შემოვრჩი“ - გვითხრა სვეტლანა თიგიშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომი

ბოსიკოვების ოჯახი 2008 წლის ომის დროსაც იძულებული გახდნენ წასულიყვნენ სოფლიდან. ომის პირველ დღეებში შემორჩენილი მოსახლეობა მათი სახლის ეზოში აფარებდა თავს:

,,გარშემო რაც სოფლებია, იქიდან წამოსული ხალხი აქ შეიკრიბა. გენადი შენი იმედი გვაქვსო. მე ჩემი თავი გამჭირვებოდა, მე ვის რაში უნდა დავხმარებოდი. ომი იყო და ყველას შიში ჰქონდა. ომის დამთარების შემდეგ, მეც დავბრუნდი. ის ხალხიც დაბრუნდა თავის სახლში. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. არავისგან დახმარება არ მახსოვს“ - ამბობს გენადი ბოსიკოვი.

ის ხალხი კი, ვინც გენადი ბოსიკოვის სახლს და ეზოს აფარებდა თავს, ქართული სოფლების მოსახლეობა იყო. ყველას შიში ჰქონდა, რომ აგვისტოს ომი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, თუმცა საბედნიეროდ მსგავსი რამ არ მომხდარა:
,,მე თვითონ ოძისიდან ვარ. ახალგორის რაიონთან რომ მდებარეობს. დედაჩემი ატოციდან იყო. გავთხოვდი ყობში. წარმოიდგინეთ, ჩემი სამივე სოფელი სულ ომის საშიშროების წინაშე იდგა. მე თვითონაც არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი.“ - იხსენებს სვეტლანა თიგიშვილი.

ყობის მომავალი

გენადი ბოსიკოვი და სვეტლანა თიგიშვილი სოფლის დატოვებას არ აპირებენ. ზამთარში შესაძლოა რუსთავში წავიდნენ, თუმცა გაზაფხულზე, ტრადიციულად ისევ დაბრუნდებიან.

,,თუ შუქი გვექნება, ალბათ, არც წავალთ. ჩემი მეუღლე ამ სახლს არ დატოვებს. გაზაფხულზე რაღაც ინფექცია შეეჭრა, იძულებული გავხდით, თბილისში წავსულიყავით. ცუდი ამინდი, გზაზე ტალახი იყო. მანქანაც ვერ ავიდა აღმართზე. წაღვლამდე ურმით ავედით. შემდეგ კი, - თბილისში. ოპერაცია გავუკეთეთ გენადის და ორ კვირაში დავბრუნდით. რუსთავში ვერ ჩერდება, მით უმეტეს, მე-7 სართულზე ვცხოვრობთ.“ - გვეუბნება სვეტლანა თიგიშვილი.

ბატონ გენადის და ქალბატონ სვეტას ორი შვილი ჰყავთ - ორივე გოგო. ერთი წაღვლშია დაოჯახებული, ხოლო მეორეც დაოჯახებულია და უკვე პირველ შვილს ელოდება:

,,თუ მე წასვლა მომიწია, ალბათ, ისევ ჩემი შვილის გამო. ფეხმძიმედაა და მიხმარება უნდა. გენადი რას იზამს, არ ვიცი“ - წუხს მეუღლე.
სვეტლანა თიგიშვილი აღნიშნავს, რომ თუკი ისინი სოფელს დატოვებენ და უკან ვერ დაბრუნდებიან, მათ სახლსაც დროთა განმავლობაში სიძველე დაანგრევს და სხვების მსგავსად ეზო გაბალხდება.



სახელმწიფოს პოზიცია

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს გამოეხმაურა.

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციუო ძალების მესაზღვრეებს ჩორჩანა-წაღვლის ტყის მასივში ახალი გზა გაჰყავთ და სოფელ ყობის ოკუპირებას აპირებენ.

„ყობთან რუს ოკუპანტებს გზა გაჰყავთ, გაჭრილია უკვე კილომეტრნახევარი ახალი გზის მონაკვეთი, რომელიც ჩორჩანა-წაღვლის ტყის შუაში გადის. ეს ახალი გზა რუს ოკუპანტებს აკავშირებთ ყობის მისაგდომებთან, ეს გზა ან წნელისს შეუერთდება ან შევა ყობში. ამას ჩვენ გავიგებთ დღის განმავლობაში. თუ ორი სცენარიდან ყობისკენ მიმავალი გზის სცენარი განვითარდა, არამხოლოდ ყობს წაიღებენ, არამდე დოლომიტის საბადოსაც“ - აცხადებს დავით ქაცარავა.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა:

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესში გამოიხატება. უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“-აცხადებენ უწყებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები