ცხინვალის ციხეში დაფიქსირებულ წამების კადრებს საერთაშორისო საზოგადოებას გააცნობენ
ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე პატიმრებს 2 ოქტომბერს ომონის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს.

პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, განცხადებები გააკეთეს თბილისში. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ფაქტების გაკონტროლება რთულია, რადგან რეგიონზე წვდომა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს.

"ძალიან ძნელია დადასტურებით ისაუბრო რა ხდება, მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, არათუ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს წვდომა, ადამიანის უფლებების დაცვის არც ერთი საერთაშორისო მექანიზმი არ არის წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში და უკვე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად არა აქვს წვდომა. ციხე და იზოლატორები არ არის ერთადერთი საკითხი, ზოგადად, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში არის ძალიან მძიმე,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც, პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები