„პროვოკაციული და დეზინფორმაციული“ - სუს-ი ეხმაურება ცხინვალის ,,კგბ“-ს განცხადებას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბიაზროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ე.წ. საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან.

ამის შესახებ განცხადება სააგენტო ,,რესზე“ გამოქვეყნდა. 

ბიაზროვის თქმით, სოფელ კოდაში, აბანოში, ყობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ ე.წ. საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ყურადღებას კვლავ ამახვილებს წნელისი-ჩორჩანას შორის განთავსებულ ქართულ საგუშაგოზე, რომლის საპირისპიროდ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლეს.

,,ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება საზღვარზე მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს. ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," “ - განაცხადა "უშიშროების კომიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ამ ინფორმაციას პროვოკაციული და დეზინფორმაციული უწოდა.

„მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“- განუცხადეს Qartli.ge-ს უწყების პრეს-სამსახურიდან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები