დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ევროკავშირის მისიის წევრები გარკვეული დროით დააკავა
დღეს, 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავება მოხდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში. მაშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ცხინვალთან და გაათავისუფლეს.

მისია ჯერ კიდევ იკვლევს დეტალებს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა თბილისის კონტროლირებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

უსაფრთხოების ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად არის შეშფოთებული იმ შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების წარმომადგენლები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად.

ინციდენტი ხვალ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრაზე იქნება განხილული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები