ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრაზე წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ
ერგნეთში მორიგ ტექნიკურ შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი იქნება, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული მცირე ხნით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ტექნმიკური შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

მისიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით დაკავება მოხდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში. მაშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ცხინვალთან და მისიის წევრები გაათავისუფლეს.

მისია ჯერ კიდევ იკვლევს დეტალებს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა თბილისის კონტროლირებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

უსაფრთხოების ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად არის შეშფოთებული იმ შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების წარმომადგენლები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად.



Print

სტატიის გამოყენების პირობები