ვახტანგ გომელაური: ,,ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება, ერთი და იგივეა"
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა სთხოვეს შიდა ქართლში შექმნილი ვითარების შეფასება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო livepress.ge ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, ტერიტორიები როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ქვეყანამ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, ამიტომ არასწორია მსჯელობა, თითქოს დღეს ხელისუფლებამ "კიდევ 500 მეტრი დაკარგა".

მანვე ისაუბრა მცოცავ ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავება საოკუპაციო ძალების მხრიდან, მოწმობს იმას, რომ ისინი არავის და არაფერს ერიდებიან.

"ცუდია რომ ამბობენ, გაავლებენ ღობეს, დაკარგა სახელმწიფომ კიდევ ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ. 2008-ში ხელი მოეწერა ოკუპაციის ხაზს, რომ ამ ხაზის იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ ქართული მხარე. სადაც ღობე არ არის გადავდივართ? ვხნავთ, ვთესავთ? დაკეტილია. ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ერთი და იგივეა. სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ, შევდივართ? ვერა. დაკეტილია. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ღობეს ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ 500 მეტრი დაკარგა, არასწორია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ბოლო შემთხვევა რაც იყო, სოფელ ჩორჩანაში ნამდვილად გადმოსწიეს დაახლოებით 800 მეტრი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოღონდ ღობე კი არ გაავლეს საგუშაგო გახსნეს, რაც იყო პასუხი იმაზე, რომ ქართულმა მხარემ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოაწყო საგუშაგო. მანვე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ დაძაბულობაში არ ჩაითრიონ, არ მოხდეს შეტაკება, სროლები, რაც ყველაზე მთავარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები