შაქშაქეთის პოსტთან ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
წინასწარი ინფორმაციით, შაქშაქეთის საგუშაგოსთან დავით ქაცარავას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში მცხოვრები მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

,,შენი დამსახურებაა, რომ რუსები წინ მოიწევენ. შენი განცხადებების გამო აკეთებენ ამას. პიარს იკეთებ, რომ დაფინანსება მიიღო" - ამბობდნენ ადგილობრივები. ისინი პოლიციის განყოფილებასთან მანქანით მივიდნენ.

მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ შემთხვევით გაიარეს პოსტთან, ხოლო შეამჩნიეს რა დავით ქაცარავა, გადმოვიდნენ მანქანიდან და დაუპირისპირდნენ.

თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ 4-5 კაციანი ჯგუფი ხელისუფლებამ მიაგზავნა.

,,პოლიციავ, გაფრთხილებთ, ეს ხალხი აღარ შემოუშვათ ატოცში" - ყვიროდნენ ადგილობრივები. ისინი ქაცარავას ემუქრებოდნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ქაცარავასთან ერთად იმყოფებოდა ლაშა ბერულავაც.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია" 2018 წლის ნოემბრიდან ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებენ და საზოგადოებას იმ ვითარების შესახებ ატყობინებენ, რაც საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს.

2019 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობის წევრებს გამყოფ ხაზთან აღარ უშვებდნენ. ამ პერიოდში, რუსმა სამხედროებმა გასული წლის ნოემბერში დამონტაჟებულ ბოძებზე ბადეები დაამონტაჟეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები