ახალი ამბები
მოსამართლე: ბავშვის დასჯა კეთილი მიზნისთვის მაინც დანაშაულია
დღეს, გორში, სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ, დედა და მამა სიხარულისგან ერთმანეთს გადაეხვივნენ. მოსამართლემ მათ მიმართ არც პატიმრობა, არც პირობითი და არც ფულადი ჯარიმა გამოიყენა; მშობლებს საზოგადოებისათვის სასარგებლო, 180-საათიანი შრომის გაწევა დაეკისრათ.

მანამდე, ცოლ-ქმარი განაჩენს მოუთმენლად ელოდა. მამა ამბობდა, რომ უდანაშაულოა, გამართლებას ითხოვდა. ,,ჩვენი ოჯახური მდგომარეობა ისეთია, რომ იძულებული ვარ სამუშაოდ წავიდე საზღვარგარეთ. პირობითიც რომ მომესაჯოს, ქვეყნის დატოვებს უფლება არ მექნება. ამიტომაც, ვერც სამუშაოდ წავალ" - განაცხადა მამამ.

დედამ კი, - ფულის გადახდას მირჩევნია პრობაციის სამსახურში ვიაროო. ვერც დაამთავრა წინადადება, რომ ტირილი დაიწყო. პროკურორი ჩუმად იყო.

საქმე იმაშია, რომ 15-წლის მოზარდმა, მშობლების მხრიდან დასჯისგან თავის დაღწევის მიზნით, შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 112-ში-ში დარეკა. დედ-მამას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წაუყენეს.

,,მოხდა ასეთი რაღაც, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სადაც გამოიკვეთა, რომ თითქოს მათი შვილი მონაწილეობდა. დედამ და მამამ შვილის დასჯა გადაწყვიტეს ცემის სახით. შვილმა, დასჯისგან თავის დაღწევის მიზნით, 112-ში დარეკა“ - განაცხადა პროკურორმა ნათია კიკალიამ.

,,ეს იყო კეთილი განზრახვის მიზნით ჩადენილი ქმედება“ - საბოლოოდ ასეთი კვალიფიკაცია მიეცა მშობლების ქმედებას, რომელიც მოსამართლემ შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ,,რაც არ უნდა კეთილი განზრახვა ჰქონდეს მშობელს, ძალადობა მაინც დანაშაულია“ - თქვა მოსამართლემ.

ლევან დარბაიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკუთარი არგუმენტები მოიყვანა:

,,გავითვალისწინეთ თქვენი ოჯახური მდგომარეობა, წარსული, ის, რომ გულწრფელად აღიარეთ ჩადენილი ქმედება; რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია, რომ ამას აკეთებდით ბავშვის კეთილი მიზნებისთვის; რომ მზად ხართ გააგრძელოთ ბავშვის აღზრდა, თუმცა, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ მაინც დანაშაულია. ამდენად, სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას, ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენის დროს, კანონი არ ითვალისწინებს“ - აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.



ფოტოზე: არასრულწლოვანთა და ოჯახური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროკურორი ნათია კიკალია 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე თავის რჩევებში აღნიშნავს, რომ ბავშვის ფიზიკურ დასჯას გარკვეული საფრთხეები ახლავს:

კერძოდ, ბავშვები ტკივილთან ერთად გრძნობენ წყენას, სიბრაზეს და იღებენ ემოციურ ტრავმას; მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე. ბავშვის ცემით, წამოთაქებით, მას ასწავლით, რომ თქვენი ეშინოდეს; ბავშვები ითვისებენ ამ მოდელს და თავად სცემენ სხვა ბავშვებს, მოგვიანებით საკუთარ შვილებს. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სწავლობენ როგორ აიცილონ ცემა, სწავლობენ ტყუილის თქმას და განცდების დამალვას, რაც ის არ არის, რისი წახალისება მშობელს სურდა.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკური დასჯით ბავშვმა შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს, რისი გამოსწრებაც ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.

,,დასჯაც და წახალისებაც ერთ საბოლოო მიზანს უნდა ემსახურებოდეს - შვილის კეთილდღეობას! ერთიც და მეორეც მშობლიური სიყვარულით და ზრუნვით უნდა იყოს ნაკარნახევი.“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი თვლის, რომ დასჯა არ აღკვეთს დაუშვებელ ქცევას. უბრალოდ, ბავშვი თავის “დანაშაულში” უფრო ფრთხილი ხდება. ის უკეთ შლის კვალს, ადგილზე მისი წასწრება თითქმის შეუძლებელია ხოლმე.

,,როცა ბავშვს სჯიან, ის ცდილობს უფრო ფრთხილი იყოს, და არა - უფრო პასუხისმგებელი. ამიტომ, თუ კარგი მშობლობა გსურთ: შეეცადეთ, ყოველთვის წაახალისოთ კარგი ქცევა, სწრაფად და ხშირად - ღიმილით, სიტყვით, ხელის ალერსიანი შეხებით, ჩახუტებით, - როცა ის მონდომებით რეცხავს თავის თეფშს, შეხსენების გარეშე ამზადებს გაკვეთილებს, სიხარულით ეთამაშება უმცროს ძმას ან დას და სხვა. შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა და თქვენი სიხარულიც გამოხატეთ.“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი რჩევებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები