მეუფე ანდრია: ,,პატრიარქი გადადგომას არ აპირებს"
,,პატრიარქი გადადგომას არ აპირებს" - ამის შესახებ ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე ანდრიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტ ინგა გრილოგიას კითხვაზე, გადადგება თუ არა მისი უწმინდესობა, მიტროპოლიტმა ედურად შევარდნაძის სიტყვები გაიხსნება:

,,ერთხელ ედუარდ შევარდნაძეს კითხეს, ბატონო, ედუარდ, რას იტყვით თქვენს გადადგომასთან დაკავშირებითო, ვერ მოესწრებითო, იყო მისი პასუხი. ამას ვამბობ იმათთვის, ვინც ელოდება ჩვენი პატრიარქის გადადგომას" - განაცხადა მეუფე ანდრიამ (გვაზავა).

მიტროპოლიტმა განმარტა, რომ მისი უწმინდესობა გადადგომას არ აპირებს. არც სინოდის წევრები აპირებენ ასეთი რეკომენდაციის მიცემას:

,,სინოდის არც ერთი წევრი მას ამ რეკომენდაციასაც კი არ მისცემს, რომ პატრიარქი გადადგეს. პატრიარქს, შეიძლება, მისი ფიზიკური ჯანმრთელობა, წლოვანებიდან გამომდინარე, იყოს უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო ადრე, თუმცა მისი უწმინდესობის გონება, მისი აზროვნება არის აბსოლუტურად სუფთა, აბსოლუტურად ჯანსაღი, და კიდევ მრავალი წელი იქნება მისი დარიგება და სწავლა ჩვენთვის" - აღნიშნა მეუფემ.



ცნობისათვის, 2019 წლის 31 ოქტომბერს 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის სხდომის საფუძველი გახდა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადება, რომლის მიხედვით, მისი თანდასწრებით, პატრიარქის გადადგომა ხელისუფლების მაღალ წრეებში განიხილებოდა. სინოდის სხდომას ბოდბელი ეპისკოპოსიც დაესწრება.

„მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები