ცხინვალში ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევი პროკურატურაში დაიბარეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურამ დაკითხვაზე ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევი დაიბარა. ამის შესახებ წერილი ჟურნალისტს ახალგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გურწიევმა გაუგზავნა.

გურწიევი წერილში აღნიშნავს, რომ ირინა ქელეხსაევის დაკითხვა ,,ეხო კავკაზას" ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხება. სტატიაში აღნიშნულია, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის გარკვეული ჯგუფი ითხოვს იუსტიციის, შს და გენპროკურორის გადადგომას.

მინისტრების ზალინა ლალიევის, იგორ ნონოევისა და ჯაღკაევის გადადგომას ის დეპუტატებიც ითხოვენ, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში მმართველ პარტიას წარმოადგენენ. ჟურნალისტი წყაროზე მითითებით აცხადებს, რომ დახურულ შეხვედრაზე პროტესტანტ დეპუტატებს ,,ბანდიდეტბი უწოდეს, რადგან ისინი ბანდიტებს იცავენ".

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის ციხეში პატიმრები შიმშილობენ. ამის მიზეზად კვების უხარისხო რაციონი დასახელდა. მომდევნო დღეს კოლონიას იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევი ესტუმრა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემა აღმოფხვრილია, რადგან პატიმრებმა კვების მიღება გააგრძელეს.

დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც პატიმრების ცემა და წამება ჩანს. აღნიშნულმა ვიდეომ აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებში, არამედ დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში.

სწორედ, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, ცხინვალში არსებულ სიტუაციას ეხებოდა ჟურნალისტი იქინა ქელეხსაევი თავის სტატიაში. ის 31 ოქტომბერს ახალგორის რაიონულ პროკურატურაშია დაბარებული.





Print

სტატიის გამოყენების პირობები