ახალი ამბები
ძაღლის ბედი გორში
გასულ წელს ქალაქ გორში 750 ძაღლი დაიჭირეს და გაასტერილეს, ან კასტრაცია ჩაუტარეს. მიუხედავად ამისა, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა მაინც მატულობს. ამის მიზეზად მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი, მოქალაქეების მხრიდან, დაუფიქრებელ ქმედებებს ასახელებს.

იოსებ ხაბელაშვილი საკრებულოს კომისიის სხდომაზე დაიბარეს და მისგან ანგარიში მოისმინეს. ხაბელაშვილის მოთხრობილმა ისტორიებმა საკრებულოს წევრები გააოგნა. თვითმმართველობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუცილებელია სერვისების სააგენტომ შეიძინოს დამაძინებელ-დამჭერი თოფები. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თითო თოფის შეძენა მაქსიმუმ 3 ათასი ლარი დაჯდება.

საკრებულოს წევრის, თამარ მურალოვის ინიციატივით, ბიუჯეტში დამჭერი თოფების შესაძენად, თანხა გამოიყოფა. ,,ჩვენი ბიუჯეტისათვის 3000 ლარი არაფერი თანხაა" - აცხადებს თამარ მურალოვი. შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება გორის მერიას დაავალეს, საკრებულო კი, დაამტკიცებს.

ძაღლი ,,ქართული ოცნების" ოფისთან

აღნიშნულ პროექტს საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ იმიტომ, რომ მმართველი პარტიის გორის ოფისთან ერთი ძაღლი ცხოვრობს, რომელსაც თავშესაფრის წარმომადგენლებიც კი ვერ იჭერენ. საკრებულოს წევრი ზაქარია მებადური აცხადებს, რომ ძაღლი თავშესაფრის წარმომადგენლების დანახვაზე გარბის:

,,მაგ ძაღლს ორი ადამიანი ყავს დაგლეჯილი. მამაჩემი რომ მოკვდა, გამოვიძახე თავშესაფრის წარმომადგენელი, მაგრამ ვერ დაიჭირა. მათ დანახვაზე შორს გარბიან" - აცხადებს ზაქარია მებადური.

მემორანდუმი ახალციხესთან

გორის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოყვანილ ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაციას გორში ახდენენ.

,,ვინაიდან ახალციხეში, მათ შორის, არც ხაშურში და სხვაგან არ აქვთ თავშესაფარი იძულებული არიან გორში ჩამოიყვანონ და ოპერაცია აქ გაუკეთონ. მერე, სხვათა შორის, უკან მივდევ, რომ სადმე გზაში არ ჩამოსხან" - აცხადებს იოსებ ხაბელაშვილი. მან დაინახა, თუ როგორც ჩამოსვა ერთ-ერთი მანქანიდან რამდენიმე ძაღლი ავტომანქანიდან, რომელც ,,ჰაიდელბერგცემენტი" ეწერა.

,,მერე მეხვეწებოდა, პატრულს არ დაურეკოო. ფაქტობრივად, აქ სამკურნალოდ ჩამოყავთ, მაგრამ მერე უკან მიყავთ" - აცხადებს იოსებ ხაბელაშვილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები