ახალგორელ თამარ გიგაურს ცხინვალის საავადმყოფოდან თბილისში გადაყვანა სურს
ახალგორში დაშავებულ ქალს, რომელიც ჭაში იყო ჩავარდნილი და სხეულის დაზიანება მიიღო, თბილისის საავადმყოფოში გადაყვანა სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს. მან, დღეს, დაშავაებული ქალბატონი ცხინვალის საავადმყოფოში მოინახულა:

,,ახლა მოვინახულე გუშინ ჭაში ჩავარდნილი ქალბატონი. მხარი აქვს მოტეხილი. ფეხი კოჭებთან შეშუპებული. უამრავი სილურჯე ტანზე. მოტეხილობა, ჩემდა გასაოცრად, არაა დაფიქსირებული თაბაშირით. არც ფეხები, რომელიც სავარაუდო გაბზარული ან ნაღრძობი მაინცაა. წევს პალატაში და უკეთებენ გამაყუჩებელს. უნდა გადასვლა თბილისში." - წერს თამარ მეარაყიშვილი.

„გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალბატონის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები