ნოსტეში გიორგი სააკაძის კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ე.ს.კ“-სთან პირდაპირი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხები სააკაძის მემორიალის რეაბილიტაციისთვის მიმართა, რომლის ღირებულება 33 643 ლარია.

რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა მოხდეს ბეტონის ბორდიურების მოწყობა, ბაზალტის ფილებისა და ლითონის მოაჯირების მოწყობა, ასევე ლითონის კონსტრუქციის შეღებვა ზეთოვანი საღებავებით ორჯერადად, საყრდენი კედლის მოპირკეთება, ტერიტორიის მომზადება გრუნტის შეტანით, საბაღე გაზონის მოწყობა, საპარკე სკამების დამონტაჟება და სხვა.

ხელშეკრულება 2019 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან აღადგინა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი დასრულდა 2019 წლის 1 მარტამდე.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მარტიდან ოქტომბრამდე სააკაძის მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი არ გამოაცხადა და ოქტომბერში პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა შპს „ე.ს.კ“-სთან. მთავრობის განკარგულებით, 40 ათასი ლარს ქვემოთ პროექტების შემთხვევაში, ტენდერი არ ცხადდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები