უფლებადამცველი: ,,მზად ვართ დავიცვათ პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულის ინტერესები"
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ ომისი რგანიზაცია მზადაა ჩაერთოს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც პოლიციის მანქანის ,,გატაცება" მოზარდს ბრალდება.

,,ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის ინტერესები დავიცვათ. თუკი, ბრალდებული ან მისი ოჯახის წევრები განაცხადებენ თანხმობას, აუცილებლად ჩავერთვებით აღნიშნულ საქმეში" - განაცხადა ალექსი მერებაშვილმა.

აწ უკვე 18-წლის მოზარდი აცხადებს, რომ მანქანა მას არ გაუტაცებია. როგორც მან ქარტლი.გეს განუცხადა, სურს, რომ სიმართლის დადგენაში უფლებადამცველები დაეხმარნენ.

ამის შესახებ მოზარდს განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა პროცესი კერძო ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

,,დანაშაული მე არ ჩამიდენია. ვითხოვ ისეთი ადამიანის ჩართვას ამ საქმეში, რომელიც სიმართლის გარკვევაში დამეხმარება" - განუცხადა qartli.ge-ს კახა წაველიძემ. მისი თქმით, აუცილებელია სიმართლე დადგინდეს.

სისხლის სამართლის განხილვის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. მხარეები საბოლო სიტყვისთვის ემზადებიან.

ცნობისათვის, 2019 წლის 10 ივნისს, დილის 2 საათზე პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილის გადაღების უფლებას პოლიციელები qartli.ge-ს არ აძლევდნენ. შუადღეს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა გატაცებული იყო არასრულწლოვნის მიერ. თავდაპირველად, არასრულწლოვნის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. იგი ამტკიცებდა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა, თუმცა, დაკავების ოქმში, იმავე დღეს შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იხ. ამავე თემაზე:

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა

Print

სტატიის გამოყენების პირობები