ახალი ამბები
თეა კეჩხუაშვილი - ფიზაღზრდისა და სპორტის მასწავლებელი გორში
თეა კეჩხუაშვილი ვარაუდობს, რომ ის მალე მერიაში მუშაობას თავს დაანებებს და მთელ დროს პედაგოგიურ საქმიანობას დაუთმობს. მან წელს მასწავლებლის საგამოცდო ტესტებში მიიღო მონაწილეობა და სტატუსიც მოიპოვა.

მუშაობას გორის მე-3 საჯარო სკოლაში შეუდგა. იხსენებს, რომ პირველივე გაკვეთილიდან გარკვეული წესების შეცვლაც დასჭირდა:

,,ვხედავდი, რომ ბავშვები დადიოდნენ კაბებით, ბიჭები კი ჩვეულებრივი ტანსაცმლით, პირველ რიგში, ვუთხარი მოსწავლეებს, რომ გაკვეთილზე უნდა ჩაეცვათ სპორტული ფორმები" - ამბობს თეა კეჩხუაშვილი.

მისი საქმიანობის პირველივე დღეებში ,,უკმაყოფილო ხმებიც" მიუვიდა: ,,მითხრეს, რომ მშობლები ჩივიან - ბავშვებს კუნთები სტკივათო. მე ვუპასუხე, რომ უკმაყოფილება მაშინ უნდა გამოეთქვათ, თუკი კუნთები არ ასტკივდებოდათ. ფაქტია, რომ ბავშვებმა გარკვეული დატვირთვა მიიღეს და ამის გამო ასტკივდათ კუნთები. ახლა უკვე გაკვეთილიდან სასიამოვნო დაღლილები გადიან" - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

ის გორის მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი სპეციალისტია. კვირაში ორი დღე სკოლაში უწევს წასვლა. 2 საათიდან 5-ის ნახევრამდე ბავშვების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებას უწყობს ხელს.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების შესახებ, თეა კეჩხუაშვილმა საჯაროდ ჯერ კიდევ მაშინ ისაუბრა, ვიდრე პედაგოგი გახდებოდა. ერთ-ერთ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ფიზაღზრდის პედაგოგთა დიდი ნაწილი საქმიანობას უდიერად ექცევა.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები