,,დამიჭირეს და ძროხებს მიხედეთო" - კოდისწყაროში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსები დააკავეს
ფოტოზე: კოდისწყარო, სკოლის ეზო

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოდისწყაროში 60 წლამდე ასაკის მამაკაცები - ზურაბ ტურიაშვილი და რამაზ ზადიშვილი დააკავეს. ისინი, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნახირში იყვნენ.

,,ერთ-ერთმა დაკავებულმა დარეკა, დაგვიჭირეს და ნახირს მიხედეთო. ამის მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. დღეს ნახირში მათი მორიგეობა იყო" - აცხადებს კასპის მერის წარმომადგენელი კოდისწყაროში ვლადიმერ გოჭოშვილი.

დაკავება, სავარაუდოდ, ყარაფილას მხარეს მოხდა. ყარაფილა და კოდისწყარო მეზობელი სოფლებია. მათ შემდეგ ოსური სოფელი წინაგარაა.

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. დაკავების შესახებ ცნობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის.

ცნობისათვის, გასულ თვეს, ოქტომბერში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროებისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 39 ადამიანი დააკავეს, ამათგან, უმრავლესობა დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები