,,ვიწყებ ბრძოლას" - პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული მოზარდის წერილი ციხიდან
18-წლის კახა წაველიძე საკუთრი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. ამის თაობაზე, წერილი ახლობლებს ციხიდან გამოუგზავნა.

მისი განცხადებით, პოლიციის მანქანის გატაცების საქმეში ის უდანაშაულოა. აღნიშნავს, რომ სურს, მისი ინტერესები უფლებადამცველებმა დაიცვან.

,,როგორ ხართ, მე ხელახლა უნდა დავიწყო გამოძიება, უნდა ვიდაო ბოლომდე, რასაც შევეძლები, 7 წელი ბევრია. უნდა გავატელევიზორო და უნდა გავაშუქო, რო ჩემი სიმართლე დავამტკიცო, მეტი არაფერი დამრჩენია, ბრძოლას ვიწყებ, იცოდეთ. უფლის წყალობით, გავიმართლებ თავს, რაც მთავარია, ხომ ვიცი, რომ მართალი ვარ, უბრალოდ არ ვიცი, ჩემგან რა უნდათ? რატომ მიჩალიჩებენ" - წერს კახა წაველიძე.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მზადაა მოზარდის ინტერესები დაიცვას. დღეს, 12 ნოემბერს, 15 საათზე, ის სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც სავარაუდოდ მოზარდი ადვოკატის შეცვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 ივნისს, დილით, ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მისულ ქართლი.ჯის ჟურნალისტს გადაღების უფლება არ მისცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომდევნო დღეს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა არასრულწლოვანმა გაიტაცა.

იხ. ამავე თემაზე:

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები