ახალი ამბები
გორში ათოსანი მოსწავლე 3 კორპუსის ეზოში ცემეს
,,ძალიან კარგი მოსწავლეა. კარგად სწავლობს. 8 კლასი სულ 10-ებზე დაამთავრა. ახლა მე-9 კლასელია. გუშინ ვიყავით მისულები სახლში, ბებია ვნახეთ. ბებიამ გვითხრა, რომ ბავშვი არ საუბრობს ფაქტის შესახებ" - გვითხრა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

მოსწავლე ბებიასთან ერთად იზრდება კომბინატის დასახლებაში. სკოლის დირექტორის მოადგილემ გვითხრა, რომ ის ამჟამად მხოლოდ ბებიასთან ერთად ცხოვრობს: ,,მამა არ ყავს, დედა წელს საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. ცხოვრობს მარტო ბებიასთან. ალბათ, ჩვენ ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოგვეჩინა."

13 ნოემბერს, გორის მეათე სკოლის მე-9 კლასელი მოსწავლე იმ სკვერში ცემეს, რომელიც სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს. ფაქტის შესახებ კი, არავინ არაფერი იცის.

სკოლის მოსწავლეებმა ჯერ 3-სართულიანი  კორპუსი გაიარეს, რომელიც ღია ჭიშკარით მრავალსართულიან კორპუსის ეზოს უკავშირდება. 15-წლის ბიჭი სასტიკადაა ნაცემი.


ფოტოზე: ეზო, სადაც მოსწავლე ცემეს. 3-სართულიანი კორპუსის უკან სკოლაა.

საცხოვრებელ კორპუსებს სკოლიდან 50 ნაბიჯი აშორებს. შემთხვევა, შუადღეს, 2-დან 3 საათამდე მოხდა. ერთ-ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ეზოში პოლიციელები მივიდნენ.

ქალბატონი ეზოში ძაღლს ასეირნებდა. ,,ჩვენც არ ხმაური გვაგვიგია და არაფერი. პოლიციამ რომ დაიწყო მოძრაობა, მაშინ შევნიშნეთ. სადღაც 3 საათი იქნებოდა" - გვითხრა ქალბატონმა.

ეზოს კუთხეში რკინის საამქროა, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათ გვითხრეს, რომ ხმაური არ გაუგიათ, არც მოსწავლეები შეუნიშნავთ: ,,ჩვენს საამქროში ისეთი ხმაურია, გარეთ რა ხდება ვერ ვიგებთ. შეიძლება ამ ხმაურში ვერ გავიგეთ ვერაფერი" - გვითხრეს საამქროში.

,,წარმოდგენა არ გვაქვს რა მოხდა. ფაქტი სკოლის გარეთ მოხდა." - გვიხსნის სკოლის დირექტორის მოადგილე. - ,,მანამდე, სკოლაში რაიმე დაპირისპირების ნიშანი არ შეგვიმჩნევია. არც ის ვიცით, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ. იმედი გვაქვს გამოძიების" - გვითხრა სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილემ.

გორის შს სამმართველომ გამოძიება 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.


ფოტოზე: მე-10 სკოლა, გადაღებულია 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები