ახალი ამბები
ავარიის კადრები გორში - რა ხდება ქალაქის ,,შავ წერტილებში"
გორში, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10,2%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ qartli.ge-ს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ფრიდონ გაგუა ესაუბრა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, ე.წ. შავ წერტილებში ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ გამოიწვია. გაგუას თქმით, შს სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა და ქალაქ გორის სხვა წერტილებში მსგავსი კამერები დაამონტაჟოს.

გაგუას თქმით, საგზაო შემთხვევები გადაჭარბებულ სიჩქარეს, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობას, ნასვამობას, ასევე, მანევრირების წესების დარღვევას უკავშირდება. ,,ავარიები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ელემენტარული წესების დარღვევამ, როგორიცაა მოხვევის მაჩვენებლის არჩართვა, საპირისპირო ზოლში გადასვლა, შუქნიშნის მაჩვენებლის ,,დაუთმე გზა" ან ამკრძალავი ნიშნის არდამორჩილება" - აცხადებს ფრიდონ გაგუა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გორში, რამდენიმე ავარია მოხდა, თუმცა მედიის ყურადღება ყველაზე მეტად ცხინვალის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ ,,ჯიბესთან" მომხდარმა შემთხვევამ მიიქცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, 9-წლის ბავშვი. მძღოლმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ვიდეოკადრების მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანა პარკინგიდან გასვლის შემდეგ, ცდილობდა გზის გადაკვეთას და საპირისპირო, ასევე, ცალმხრივ გზაზე გადასვლას. გზის გადაკვეთის დროს, მას მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გამოძიება მიმდინარეობს.

2018 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შიდა ქართლში 694 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 48 ადამიანი. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, აქ დაღუპულთა რაოდენობა 459-ს აღწევს:

,,ამის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია ,,მეტი სიცოცხლისათვის", რომლის მიხედვით, 2019 წლის აპრილში, შეიქმნა ვიდეორგოლები, სადაც საუბარია ავარიის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ. კამპანიის ფარგლებში, გამოყენებულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მანქანები, რომელიც გარესივრცეში იქნა გამოტანილი, რათა საზოგადოებისთვის უფრო მეტად აღქმადი ყოფილიყო. წელსვე იწყება მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს, ზოგიერთ დარღვევებზე სახდელების გაზრდას და ჭკვიანი კამერების დამატებას" - განაცხადა ფრიდონ გაგუამ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები