ახალი ამბები
,,ტენდერის მონა" -გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროსთან აქცია გამართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტარს ის გადაწყვეტილება დაუწუნეს, რომლის მიხედვით, დეპუტატმა, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, უარი თქვა.

მაკრახიძესთან ერთად, კრიტიკის ობიექტი გორის მუნიციპელიტის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულურიც გახდა. ორივე მათგანი გუშინდელ სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

შიდა ქართლელ პარლამენტარებს შორის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, მხოლოდ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ დაუჭირა მხარი.

დანარჩენებმა, გიორგი თოთლაძის გარდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ. რაც შეეხება გიორგი თოთლაძეს, ის სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

სიმონ ნოზაძე წარმოადგენს საარჩევნო ბლოკს „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატიოა, დანარჩენები კი, - ,,ქართულ ოცნების" წევრები არიან.

ირაკლი მეზურნიშვილი - კასპის; თემურ ხუბულური - გორის მუნიციპალიტეტის თემის, ხოლო იოსებ მაკრახიძე - ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატია. რაც შეეხება ლერი ხაბელოვს, ის ქარელის მაჟორიტარი დეპუტატია.

14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, მათგან 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატებმა.

კონსტიტუციური კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული. მისი ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან. პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები