ახალი ამბები
ღრომი - ოკუპირებული სოფელი მეჯვრისხევის სიახლოვეს
ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომში ჟურნალისტებმა მედია-ტური მოაწყეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოსურ სოფელში რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ზარინა ხუბაევი შეუშვეს.

ხუბაევი წერს, რომ სოფელში ამჟამად 110 სახლი დგას, თუმცა უმრავლესობა დაცლილია. 2019 წელს ხანძრის შედეგად 3 სახლიც დამწვარა.



ეს ის სოფელია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევს ემიჯნება და ამ ორი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთის მიმართ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ურთიერთობას სხვადასხვა გზებით კვლავაც ინარჩუნებენ.

ქარტლი.გე წერდა, რომ როდესაც ღრომში მამაკაცი გარდაიცვალა, მეჯვრისხეველებმა გამყოფი ხაზის გადაკვეთა და ოჯახისთვის მისამძიმრება გადაწყვიტეს. რუსი სამხედროები ქელეხში მეჯვრისხეველებს არ უშვებდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში ღრომის მოსახლეობა ჩაერია, სამხედროები იძულებული გახდნენ მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. მეჯვრისხეველებს სოფელში შესვლის უფლება რამდენიმე საათით მისცეს.



ეს ამბავი ქარტლი.გე-ს მეჯვრისხეველებმა უამბეს და ინტერვიუშიც აღნიშნეს. ამას მოყვა კიდევ ერთი ამბავი: ღრომელი მამაკაცი ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა, ლარსის გამშვები პუნქტით საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა, გორის მხრიდან ავიდა მეჯვრისხევში, მოინახულა ნაცნობები და ახლობლები და ისევ იმ გზით გაბრუნდა ღრომში.

ჟურნალისტ ზარინა ხუბაევას სოფელში მეგზურობა სოფლის გამგებელმა დავით კუსრაევმა გაუწია. კუსრაევი აცხადებს, რომ მისასვლელი გზა დაზიანებულია, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების გეგმის თანახმად, ღრომამდე ასფალტი დაიგება. მუშაობს ამბულატორია, სადაც ასევე სტომატოლოგიც ჰყავთ. ღრომელებისთვის პირველადი დახმარების წამლები უფასოდ რიგდება, განსაკუთრებით, დიაბეტით დაავალდებულებისთვი.

ღრომის სკოლაში 12 მოსწავლე სწალობს, ისინი ძირითადად მე-2-დან მე-6 კლასში სწავლობენ. პედაგოგი კი, - 15-ია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები