ახალი ამბები
კასპში გარევაჭრობის ადგილს ,,მანუჩარის ბაზარი" შეარქვეს

პროტესტის ნიშნად გარევაჭრობის ადგილას ,,მანუჩარის ბაზარი" დააწერეს. ამის შესახებ მოვაჭრეებმა გვაცნობეს, თუმცა როცა qartli.ge-ს გადამღები ჯგუფი კასპში ჩავიდა, წარწერა გააქრეს. გვითხრეს, რომ მერიიდან წარმომადგენლები მივიდნენ და წარწერა წაიღეს.

რამდენიმე თვეა, კასპში, ბაზრის მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის, დაპირისპირებაა. მოვაჭრეები ითხოვენ, რომ უნებართვო ვაჭრობა, სააკაძის ქუჩაზე, აიკრძალოს. მათ შორის, 86-წლის მარო თამარაშვილი.

86-წლის მარო თამარაშვილი ახალგორიდან დევნილია. ის კასპში ცხოვრობს. მის ოჯახს გაუჭირდა და პენსია ნისიად გაიტანა ბანკიდან. იმისათვის, რომ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს, კასპის ბაზარში ვაჭრობს.

ამბობს, რომ ბაზრამდე ხალხს გარემოვაჭრეები არ უშვებენ. გარევაჭრობა კი, სააკაძის ქუჩაზე, საგანგებოდ მოწყობილ კუთხეშია გაჩაღებული. ბაზარში მომუშავეები აცხადებენ, რომ გარევაჭრობასთან გლეხებს არავითარი კავშირი აქვს.

,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე. ჩვენ გადასახადს ვიხდით ბიუჯეტში, ისინი კი, ბიუჯეტში არაფერს იხდიან" - აცხადებს ლელა თაბუაშვილი.

კასპის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მერს მანუჩარ მერებაშვილს qartli.ge-სთან საუბარი არ სურს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარება ბაზართან მაშინ იძაბება, როდესაც სავაჭროდ ბოშები გამოჩნდნებიან.

საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება, აკრძალვის თაობაზე, მიიღო, თუმცა ეს ნორმა არ მოქმედებს. ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია მერიასთან რამდენჯერმე მოაწყეს, თუმცა უშედეგოდ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები